პროექტის დეტალი

თავდაცვის მოხალისე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 04, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 170
პროექტი

პროექტის აღწერა

2025 წლის, მარტის შუა რიცხვებში, დავრეგისტრირდი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის კურსზე. ეს ორგანიზაცია აერთიანებს ახალგაზრდებს, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა სამხედრო სფეროში, გაუწიოს დახმარება სხვებს, ფიზიკურად განვითარდეს და ატაროს მოხალისის სტატუსი. ლეგიონში ყოველკვირეულად ტარდებოდა გასვლითი აქტივობები, ხოლო ოთხშაბათისა და პარასკევის საღამოს საათებში იმართებოდა თეორიული ლექციები, რომლებშიც ვიღებთ საფუძვლიან ცოდნას სამხედრო, სამედიცინო და სხვა თემებზე. ლეგიონის პირველი გასვლა ანუ სამოტივაციო მარში გაიმართა 23 მარტს. უნდა ვაღიარო, რომ, ამ მარშის შემდეგ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. გულწრფელად რომ ვთქვა, მაშინ ვიფიქრე, რომ ალბათ ლეგიონში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებდი. თუმცა ამავე დროს, ჩემში გაიღვიძა სურვილმა, რომ გავმხდარიყავი ფიზიკურად უფრო ძლიერი და მეტარებინა მოხალისე ადამიანის სტატუსი ამ განხრით. სწორედ ამ მოტივაციამ მიბიძგა იმ გადაწყვეტილებისკენ, რომ შემეძინა სამხედრო ფორმა და მომდევნო კვირას მიმეღო მონაწილეობა შემდეგ გასვლაში. მას შემდეგ მონაწილეობა მივიღე 10 საველე გასვლაში და დავესწარი 20/20 ლექციას. თითოეული მათგანი განსაკუთრებული იყო თავის თემატიკით და გამოცდილებით. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებამ გამიადვილა პროცესში ჩართვა და გამააზრებინა ის რომ არავინაა დაზღვეული არასახარბიელო სიტუაციიდან, შესაბამისად ცხოვრებაში შეიძლება აღმოჩნდე ისეთ რეალობაში სადაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შენს მოქმედებაზე იყოს დამოკიდებული. ლეგიონში არსებობს მკაფიო წესები, რომელთა დარღვევას მოჰყვება შედეგები, გაფრთხილება ან პირდაპირი გარიცხვა ლეგიონიდან. აუცილებლად უნდა დაემორჩილო მეთაურებს და იხელმძღვანელო წესებით. ერთი მთლიანი დღის გატარება სხვადასხვა საველე ადგილას მარტივი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამით არამხოლოდ არღვევ შენს კომფორტის ზონას და უბიძგებ შენს თავს განვითარებისთვის,ასევე სწავლობ გუნდურობას, პასუხისმგებლობას და იღებ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს. გასვლები დილის 8:30 - დან ღამის 20:00 მდე გრძელდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითოეული პრაქტიკული სავარჯიშოს შემდეგ, მეთაურები სიტყვიერი გამოსვლებით გვამხნევებენ, რაც ჩემთვის და სხვა რეკრუტებისთვის ერთგვარი მოტივაციური მომენტი გახლდათ. ეს გამოსვლები გვიბიძგებდა, გავეაზრებინა ჩვენი იქ ყოფნის აზრი და დავფიქრებულიყავით იმაზე, თუ როგორ უნდა ვყოფილიყავით უკეთესი ვერსია საკუთარი თავის. ლეგიონის დასრულებისას, მონაწილეები წერენ გამოცდას, რის ჩაბარების შემდეგ ხდებიან ისინი ოფიციალურად "ლეგიონერები" და ენიჭებათ "თავდაცვის მოხალისის" სტატუსი. მაისის თვეში წარმატებით დავასრულე ლეგიონი, ჩავაბარე გამოცდა, გავხდი "ლეგიონერი" და "თავდაცვის მოხალისე". დახურვის ღონისძება გაიმართა 300 არაგველის მემორიალთან. ლეგიონზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო, თუმცა მოკლედ, ლეგიონში ყოფნა მაძლევდა საშუალებას ვყოფილიყავი უფრო ძლიერი, ფიზიკურადაც, მენტალურადაც და ადამიანურადაც. ვისაც აინტერესებს სამხედრო მომზადება, მოხალისეობა, პირველადი დახმარების გაწევა, გუნდურობა და სურს თვითგანვითარება, ლეგიონი ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.