მოხალისეები

  • სევილ მამედოვა_371.jpg

    სევილ მამედოვა, 21 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში. თუმცა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში დავსაქმდი, უმეტესწილად თბილისში მიწევს ყოფნა. ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მიერ მოხალისეებისთვის ორგანიზებულ პროექტში და ვახორციელებ მოხალისეობრივ საქმიანობას თბილისშიც და ზოგ შემთხვევაში - თაქალოშიც.

    როგორც მოხალისემ, ძირითადად, საგანმანათლებლო აქტივობები დავგეგმე. ვცდილობ, ჩემს ირგვლივ მყოფ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს - დავეხმარო ქართული ენის შესწავლაში, ან ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებაში. მაგალითად, ჩემს სოფელში რამდენიმე სკოლის მოსწავლეს ვასწავლიდი სახელმწიფო ენას, თუმცა ასევე ვამეცადინებდი რუსულ ენასა და კომპიუტერულ პროგრამებშიც. ასე გავაგრძელე თბილისში გადმოსვლის შემდეგაც: ჩემს ახლობლებს ვასწავლი ქართულ ენას.

    ჩემი სწავლების მეთოდები განსხვავებულია, ვცდილობ ხალისიანი ფორმით ჩავატარო გაკვეთილები, რომ ახსნილი მასალა უფრო უკეთ დაამახსოვრდეთ. ვფიქრობ, ჩვენი მეცადინეობები კარგ შედეგს გამოიღებს. ჩემს რამდენიმე მოსწავლეს, გაკვეთილების დაწყებამდე უჭირდა საუბარი, ახლა კი გაცილებით უკეთ იციან ქართული ენა.  მე დიდი იმედი მაქვს, რომ  ისინი მალე შეძლებენ გამართულად და დამოუკიდებლად საუბარს.