ახალგაზრდები საქართველოს რეგიონებიდან გაეცნობიან პანდემიის დროს პირადი
დაცვის საშუალებებს და მნიშვნელობას
თბილისი, საქართველო. 17 მაისი, 2021. მოზარდები და ახალგაზრდები საქართველოს 23 მუნიციპალიტეტიდან ჩაერთვებიან კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ ჰიგიენის ხელშეწყობის საინფორმაციო აქტივობებში.
პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი“ განახორციელებს. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნობიან პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევით რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. ტრენინგებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.
პროექტის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში 23 მუნიციპალიტეტში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები, და საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია. კურსის დასასრულს, ყველა მონაწილეს გადაეცემა პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები. კამპანიის ფარგლებში ისინი მუნიციპალიტეტში დაგეგმავენ და განახორციელებენ მოხალისეობრივ პროექტებს თანატოლთა ჩართულობით.
ინიციატივის ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“ მიზანია პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი უკვე 10 წელზე მეტია მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ახდენს მოხალისეობის პოპულარიზაციას, და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, მართავს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს საქართველოს მასშტაბით.