ამჟამად ვარ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში, ვარ ონლაინ-ტრენერი მედიაწიგნიერების საკითხებზე, ვიკვლევ ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებებს და ვგეგმავ მოხალისეობრივ პროექტებს. კერძოდ: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივი არაფორმალური განათლების კლუბის ბაზაზე მოვაწყვე მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოთეკა, შევავსე კლუბის არსებული წიგნადი ფონდი და ვატარებთ საინტერესო შემოქმედებით საღამოებს დუისში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად.
ჰელფინგ ჰენდის პროექტის შესახებ ინფორმაცია თავიდან ფეისბუქით შევიტყვე. როგორც კი წავიკითხე კონკურსის პირობები, მაშინვე გამოვგზავნე შევსებული აპლიკაცია. ძალიან გამიხარდა, როცა შემარჩიეს და ასეთი საინტერესო საქმეების კეთების შესაძლებლობა მომეცა. პროექტის პირველი ეტაპი ძალიან დატვირთული იყო, ჩვენ ვესწრებოდით სემინარებს, ვებინარებს, ვიძენდით ახალ ცოდნას, ლიდერულ უნარ-ჩვევებს. ყველა სხვა პროექტი, რომელშიც აქამდე მიმიღია მონაწილეობა, ძირითადად გუნდურ მუშაობას ეფუძნებოდა, ახლა კი, გუნდურ მუშაობასთან ერთად, მე თავად მიწევს პროექტის დაგეგმვა და სრული პასუხისმგებლობის აღება - რაც განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ჩემთვის. მომავალში აუცილებლად ვგეგმავ მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებას და ჩვენი ბიბლიოთეკის კიდევ უფრო განვითარებას.