პროექტი
პროექტის აღწერა
ადამიანები ჯანსაღ ცხოვრებას სხვადასხვაგვარ, სუბიექტურ ახსნა-განმარტებას მოუძებნიან ხოლმე, ხშირად მხოლოდ სპორტულად აქტიურ ცხოვრებას ან სწორ კვებას უკავშირებენ. როგორი განმარტებაც უნდა ახლდეს აღნიშნულ ტერმინს, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსგავსი ცნობიერებით ცხოვრება. რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობას გულისხმობს. ჯანსაღად ცხოვრება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღი ახალგაზრდობა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი მომავალია. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენს საზოგადოებაში, მრავალი მცდელობის, სწავლის თუ გამოცდილების გაზიარების მიუხედავად, არ არის სათანადოდ დამკვიდრებული ჯანსაღი ცხოვრება, მეტიც, ხშირად რომანტიზებული და წახალისებულია მავნე ჩვევები, დაუბალანსებელი რეჟიმი და სწრაფი კვება.
სწორედ ამიტომ კლუბ "მოქალაქეობანასთან" კოლაბორაციით და ორგანიზაცია "ქალები ქალებისთვის" მხარდაჭერით განვახორციელე პროექტი "GEN Z-საღი თაობა". მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით შევეცადეთ საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია!
პროექტის ფარგლებში გაიმართა:
შემეცნებით-გასართობი თანატოლგანამათლებეთა ლექციები, მოსულ სტუმრებს გავუმასპინძლდი ჩვენ მიერ მომზადებული ჯანსაღი ლანჩით.
საინფორმაციო კამპანია- მოხალისეებმა დაამზადეს მაისურები და წარმართეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისკენ მიმართული კამპანია.
24 მაისს გაიმართა ველომარათონი, მოსწავლეებმა ვითანამშრომლეთ შესაბამის უწყებასთან და მათი მხარდაჭერით შევძელით იდეის უსაფრთხოდ განხორციელება.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოვაწყვეთ ფლეშმობი და ველომარათონის მონაწილეებს გავუმასპინძლდით აქტივობით -"ვიტამინები თამბაქოს ნაცვლად".
შემდეგ დღეებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთსა და ფრენბურთში. გამარჯვებულმა გუნდებმა სიმბოლურად ბურთები მიიღეს საჩუქრად.