პროექტის დეტალი

მოხალისე მასწავლებელი საქველმოქმედო ფონდში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 29, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 16
პროექტი

პროექტის აღწერა

ყველა ბავშვი იმსახურებს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს თავშესაფრებში უამრავი უსახლკარო ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სათანადო განათლებაზე და ამის გამო აწყდებიან უამრავ გამოწვევას საკუთარი თავის რეალიზების პროცესში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე 2025-2026 სასწავლო წლიდან მათთვის გავმხდარიყავი მოხალისე მასწავლებელი. დახმარების მთავარ საგნად შევარჩიე ჩემთვის ყველაზე ძლიერი მხარე - მათემატიკა, თუმცა დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს მაქსიმალურად გავცე დახმარება ყველა მიმართულებით. ჩემთვის მოხალისე მასწავლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლის მიმართ ვგრძნობ არა მხოლოდ პასუხისმგებლობას, არამედ დიდ სიყვარულსა და მეგობრობას. ვფიქრობ, თითოეული მოქალაქის ვალია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება და გახადოს რუტინული ყოველდღიურობა დადებითი ემოციებით დამუხტული. ჯერ-ჯერობით მყავს ორი 13-15 წლის მოსწავლე. ყოველთვის ვცილობ ვიპოვო განსხვავებული, მარტივი და სახალისო მიდგომები და ამ გზით ავხსნა სხვადასხვა საკითხი. მაგალითად, მოვიყვანო მაგალითები რეალური ცხოვრებიდან, ან გავავლო პარალელი მათთვის საინტერესო თემებთან. მათთვის მთავარი გამოწვევა დროსთანაა დაკავშირებული. სკოლებში პროგრამიდან გამომდინარე თითქმის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს მასწავლებლებმა გარკვეული საკითხი იმდენჯერ აუხსნან, რამდენიც მათთვის კარგად გასააზრებლადაა საჭირო. ჩემს მოსწავლეებს კი გარკვეულწილად კონცენტრაციის პრობლემა ჰქონდათ, შესაბამისად, ვფიქრობ, ერთადერთი, რაც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და რეალიზებისთვის სჭირდებათ, მეტი დროის დათმობა და განსხვავებული, უფრო მარტივად დასამახსოვრებელი გზებით ახსნაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ორი თვეა რაც ინიციატივა წამოვიწყე, უკვე ვამჩნევ მოსწავლეებში დადებით ცვლილებებს. ერთ-ერთი მათგანი თავიდან ძალიან დიდ სირთულედ აღიქვამდა ამოცანებს, თუმცა რამდენიმე გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, მისი დამოკიდებულება აშკარად შეიცვალა და ახლა მეტად შემართებით, უშიშრად უდგება თითოეულ პრობლემას. ახლა უფრო მეტადაა დარწმუნებული საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. განსაკუთრებით კი ის ფაქტი მახარებს, რომ არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ მისთვის საყვარელ სფეროში, ხატვაში, თვითშეფასება და თვითრწმენა აუმაღლდა, რამაც მასზე დიდი პოზიტიური გავლენა მოახდინა. რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, თავიდან მისი მოტივაცია დაბალი იყო, თუმცა სწავლების პროცესში, ნელ-ნელა სიზარმაცე დაძლია და ახლა საკმაოდ აქტიურად ცდილობს გაიგოს საკითხი სიღრმისეულად და შემდეგ გამოიყენოს მიღებული ცოდნა. იმ დღიდან, რაც წამოვიწყე ეს საქმიანობა, ჩემი ემპათიის გრძნობა და საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვის უნარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს ძალიან დაგვეხმარა ეს წამოწყება, ორივემ უამრავი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან. სასწავლო წლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს აღმოვაჩენთ ერთად! სამომავლოდ, დიდი იმედი და მოტივაცია მაქვს დავეხმარო უფრო მეტ ადამიანს ხარისხიანი და მასზე მორგებული განათლების მიღებაში და თავადაც განვვითარდე ამ სფეროში (განვივითარო ახსნისა და გადმოცემის უნარები და ა.შ.). გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ, დაახლოებით 1,5-2 სთ განმავლობაში.