
„მოხალისეობაზე, როდესაც ვფიქრობ, სულ მგონია, რომ უფრო მეტს უნდა ვაკეთებდე. ჯილდომ დამანახა, რომ ჩემს ძალისხმევას მართლაც აქვს მნიშვნელობა და გავლენა. წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს მოპოვებამ, მომცა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და დავეხმარო სხვებს.
ქვეყანაში, სადაც რესურსები მწირი და შეზღუდულია, მოხალისეობა გადარჩენის წინაპირობაც კი ხდება. ამასთან, მოხალისეობამ სრულიად ახალი სამყარო გადაშალა ჩემ წინ და ვცდილობ სხვებსაც დავანახო ეს.
ახალგაზრდებს ვურჩევდი არაფერს დაელოდონ. თუ რამის გაკეთება და/ან თუ სადმე მონაწილეობა სურთ, არაფრის შეეშინდეთ, არანაირ ნიშანს ან გარდამტეხ მომენტს არ დაელოდონ. თუ რამე არ მოსწონთ თქვან ხმამაღლა, თუ რამის შეცვლა სურთ, თავად იმოქმედონ. ჰყავდეთ ისეთი წრე, რომელიც მათ მოტივაციას მისცემთ და ამ კონკურსში სწორედ ასეთი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ“ - თეკლა ბოხუა, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს გამარჯვებული.
თეკლა ბოხუა, 20 წლის არის, ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სწავლობს. თეკლამ 2024 წელი, კავკასიის უნივერსიტეტში მოხალისეთა კლუბის ჩამოყალიბებით დაიწყო, სადაც ის “ქველმოქმედების და ბუნების დაცვის” კლუბის ხელმძღვანელი გახდა და პროექტებს ორგანიზებას თავად უწევდა. კლუბის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის მოხალისეობის აქტივობების დაგეგმვა და მათ ისეთ ორგანიზაციებში ჩართვა, სადაც მოხალისეობა იქნებოდა შესაძლებელი. კლუბის წევრებთან ერთად, თეკლა ხშირად აგროვებდა უნივერსიტეტის მასშტაბით ნივთებს (ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები..) და შეჭირვებულ ოჯახებს ურიგებდა. თეკლას ინიციატივით განხორციელდა პროექტი, სადაც სტუდენტები უფასოდ ამზადებდნენ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა კერძო მასწავლებელი აეყვანათ.
თეკლა, როგორც მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელი მუდმივად ეძებდა მოხალისეობრივ შესაძლებლობებს, ასე აღმოაჩინა საქართველოს კარიტასი და კლუბიდან ბავშვთა დღის ცენტრ “მზესუმზირებში” განაგრძო მოხალისეობა. მალევე გახდა კარიტასის მოხალისე და აქტიურად ჩაერთო “შინმოვლის განვითარების” პროექტში, სადაც ორ მარტოხელა ქალბატონს ეხმარებოდა. თეკლა ასევე მოხალისეობდა თბილისის მარათონსა და EYOF ბაკურიანი 2025-ზე.
თეკლა, ამჟამად გახლავთ კარიტასის მოხალისეთა საბჭოს ხელმძღვანელი, სადაც გეგმავს პროექტებს გუდნის სხვა წევრებთან ერთად, რომლის მთავარი მიზანია აამაღლოს ცნობიერება მოხალისეობაზე და ცენტრის მოხალისეებს დაეხმაროს პროექტების განხორციელებაში.
#2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ჰელფინგჰენდ
#ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში