მოხალისეები

  • nino-svimonishvili.jpg

    ნინო სვიმონიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, 15 წლის

    „ჩემთვის წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვება ნიშნავს დიდ სტიმულს გავაგრძელო მოხალისეობა და უფრო მეტ ახალგაზრდას გავუზიარო ჩემი ცოდნა, დავეხმარო მათ სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებების შესწავლაში.

    ჩემთვის, მოხალისეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და კეთილშობილური წამოწყება,  რადგან ის არა მხოლოდ ცვლის მათ ცხოვრებას, ვისაც ვეხმარებით, არამედ გვიყალიბებს უფრო მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. მოხალისეობა სიკეთის გავრცელების, მადლიერების და დადებითი ცვლილებების მომტანია ჩვენ ცხოვრებაში.

    „წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნულ ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჯილდოს მოპოვება ან თუნდაც ნომინირებამ შეიძლება გააღოს კარი შემდგომი შესაძლებლობებისკენ, დაგეხმაროს საკუთარი თავის პოვნაში, მიიღო აღიარება, რომელიც გეხმარება მომავალ პროექტებსა თუ კარიერაში“ – ნინო სვიმონიშვილი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია: მოხალისეობა ტექნოლოგიების გამოყენებით.

    15 წლის, ნინო სვიმონიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტიდან არის, ის ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ნინო ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფლად და დაუცველ თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ატარებდა პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის, სოციალურ მედიის, მენეჯმენტის და ფოტოგრაფიის სასწავლო კურსს. Calliope Mini და Arduino Uno პროგამით, ნინომ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების სამყაროში შეაბიჯებინა. ის ასევე ასწავლიდა გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, Figma-სა და Adobe Photoshop-ს. 

    ნინომ ფოტოგრაფიის კურსის გავლის შემდეგ, გადაწყვიტა შეძენილი ცოდნა თანატოლებისთვის გაეზიარებინა და სოფლის სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიდა როგორც საბაზისო ფოტოგრაფიას და ასევე აცნობდა თანამედროვე ტექნოლოგიებს.

    ნინო დღემდე მოხალისეობს ახმეტის ტექნოპარკში სადაც, ჩართულია პროექტების  ორგანიზებაში, ის გახლდათ რამდენიმე ახალგაზრდული გუნდის მენტორი პროტოტიპების/მოწყობილობების შექმნის მიმართულებით.