17 წლის, მოხალისე
ადამიანები ყოველდღიურად, ხშირად გაუაზრებლად ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას. უამრავმა არ იცის, რომ უანგაროდ შესრულებული ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობა მოხალისეობაა. მეც ასეთივე მდგომარეობაში ვიყავი, სანამ „ჰელფინგ ჰენდის“ შესახებ არ გავიგე ჩემი მეგობრისგან. ამ ორგანიზაციის წევრობამ კი ჩემს საქმიანობას ოფიციალურობა და სისტემურობა შესძინა და უამრავ საინტერესო, საერთო ინტერესის ადამიანთან დამაკავშირა.
„ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე 2021 წლის დასაწყისში გავხდი. პირველი ღონისძიება, რომლის ორგანიზებაშიც ჩავერთე იყო: საინფორმაციო შეხვედრების სერია საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის. ასევე დავგეგმე შეხვედრები ვაქცინაციის პოპულარიზაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ორგანიზებას ვუწევდი თბილისში დასუფთავების ღონისძიებებს 6 სხვადასხვა მდებარეობაზე პროექტის - „ერთი დღე ჩვენს გარემოს“ - ფარგლებში.
აღსანიშნავია ჩემი და ჩემი მეგობრების საერთო, მასშტაბური პროექტი „S4S - მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“. თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები 1-12 კლასის მოსწავლეებს ვამეცადინებდით სხვადასხვა საგანში, მათ შორის: მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ინფორმატიკაში. 80-მდე მონაწილეს დავეხმარეთ ცოდნის გაღრმავებაში. პროექტის დასრულების შემდეგ კი კარგი უკუკავშირიც მივიღეთ.
ყოველთვის ამბობენ რომ მოხალისეობა უანგარო საქმიანობაა და სანაცვლოდ არაფერს უნდა მოელოდე, მაგრამ ეს სიმართლე არაა. აქტივობის განხორციელებისას და დასრულების შემდეგ უამრავ სითბოს ვიღებ მონაწილეებისგან, მათთან ურთიერთობა გამოცდილებას მძენს. მოხალისეობა ჩემს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის.
მომავლისთვის რამდენიმე საინტერესო პროექტის იდეა მაქვს, რომელიც თანდათანობით სისრულეში მომყავს. ამაში „ჰელფინგ ჰენდის“ გუნდი ხელს ძალიან მიწყობს. მალე ჩვენ მეორეული ნივთების გაყიდვას დავიწყებთ, რათა შემოსული თანხით მიუსაფარ ბავშვებს დავეხმაროთ და მათ ახალ წელს ფერები შევმატოთ.