მოხალისეები

  • მეგი ლორთქიფანიძე_706.jpg

    მეგი ლორთქიფანიძე, პროექტის მონაწილე, ბათუმის N8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

    ჩემ ირგვლივ ბევრ ადამიანს არასწორი ინფორმაცია აქვს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე. მოქალაქეების ნაწილი პანდემიის პირობებშიც კი არ ენდობოდა ვაქცინას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამის შეცვლა თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია.

    სწორედ ამიტომ ჩავერთე პროექტში ,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთათვის’’. მინდოდა, რომ მეტი ინფორმაცია მიმეღო ამ თემაზე არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი მეგობრებისთვის, კლასელებისთვის. მინდა, რომ მიღებული ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, ვიმსჯელოთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ პანდემიებისა და ეპიდემიების დროს და რა პასუხისმგებლობა გვეკისრება მოქალაქეებს.

    პროექტის პირველ ეტაპზე, წყალტუბოში გავიარეთ ძალიან საინტერესო და სახალისო ტრენინგები იმუნიზაციის თემაზე. ახლა უკვე მეც შემიძლია საინფორმაციო შეხვედრებზე ვისაუბრო ვაქცინაციის დადებით მხარეებზე და უახლოეს მომავალში, როცა სწავლა დაიწყება, ჩემს მეგობრებთან ერთად ვგეგმავ ამ თემაზე შეხვედრების ჩატარებას. იმედი მაქვს, შევძლებ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო თემის ინფორმირებაში და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში.