
„მოხალისეობა ჩემთვის დღის წესია, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და გონების განუშორებელი ფიქრი. მე ასე მასწავლეს, დაწოლისას, სანამ ძილი დაგიხუჭავს თვალებს, როგორც ნელი სიო მიხურავს ხოლმე ნაზად ღია ფანჯარას, დავფიქრდე - "აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?!"...
ეს ჯილდო ჩემთვის, გაკვირვებაა, მოულოდნელობაა და ზღვა სიხარულის განცდაა...
ახალგაზრდებს მოვუწოდებ მოხალისეობისკენ, ეს სიკეთის კეთების ერთ-ერთი გამორჩეული გზაა. ვფიქრობ ეს არის იდეალური ჩარჩო, რომ იყო საზოგადოების ის წევრი, რომლის იმედიც აქვთ და რომლის დანახვაც უხარიათ.
ექიმობამდე, რამდენიმე თვე მაშორებს… ვფიქრობ მედიცინის მიმართულებით გავაგრძელო მოხალისეობა, დიდი სურვლი მაქვს მოვიძიო ადამიანები, რომელთაც სამედიცინო მომსახურეობაზე ხელი არ მიუწვდებათ და ვეცდები მათ დახმარებას” – ივლიანე სურმავა, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია: “მოხალისეობის პოპულარიზაცია”
24 წლის ივლიანე სურმავა, მარტვილიდან არის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია.
ივლიანე სურმავას მოხალისეობრივი საქმიანობა მეტად მრავალფეროვანია, მოხალისეობა ივლიანემ ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო და მას შემდეგ აგრძელებს. 2024 წელს, ის როგორც მოხალისე თანასწორ-განმანათლებელი პირველადი გადაუდებელ დახმარების საკითხებზე ატარებდა სემინარებს სტუდენტებისთვის, ასევე მოხალისეობდა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში, სადაც პატარებს მოხალისეობის კარგ მაგალითს აძლევდა და ცხოვრების ჯანსაღ წესის შესახებ შემეცნებით და სახალისო გაკვეთილებს მართავდა.
ივლიანე ასევე შეხვედრას მართავდა ახალგაზრდა მოხალისეობის მსურველებთან, მათ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ჩართვასა და სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობა, მოხალისეებთან ერთად ის მონაწილეობდა დასუფთავების აქციებში, მართავდა სასკოლო სივრცეში შეხვედრებს კლიმატის ცვლილებისა და მოხალისეობის მნიშვნელობაზე.
#2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ჰელფინგჰენდ
#ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში