მოხალისეები

  • გვანცა წიქარიშვილი_370.jpg

    გვანცა წიქარიშვილი, პროექტის მონაწილე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

     ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტებით წინა წლებში არაერთხელ დავინტერესებულვარ და სხვადასხვა ღონისძიებაშიც ვიყავი ჩართული. მიხარია, რომ ახალ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობაც მომეცა, რადგან, ძალიან მინდოდა, რომ მეტი რამ გამეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის საკითხებზე, მინდოდა ერთმანეთისგან გამერჩია სწორი და არასწორი ინფორმაცია, ვყოფილიყავი თავდაჯერებული და სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი შეხედულებები და ცოდნა.

    ტრენინგები იყო ძალიან საინტერესო, სემინარების შემდეგ გვქონდა დისკუსიები, გამოვთქვამდით საკუთარ აზრს, ვსახავდით გეგმებს, ერთმანეთს ვუზიარებდით იდეებს. ამ პროცესში ახალი მეგობრებიც გავიჩინე. ახლა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, გვიხარია, როცა ერთმანეთის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვიგებთ.

    უახლოეს მომავალში მეც დავგეგმავ საგანმანათლებლო აქტივობას ჩემ ახალ სკოლაში, სადაც მინდა, რომ ჰიგიენის კლუბი ჩამოვაყალიბო და ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნა ჩემ თანატოლებსა და მეგობრებს გავუზიარო.