მოხალისეები

  • ნინო თორაძე_494.jpeg

    ნინო თორაძე, 22 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ თანამშრომლობის გამოცდილება სხვა პროექტების ფარგლებშიც მქონდა. სწორედ მათ დამაკავშირეს არასამთავრობო  ორგანიზაციას: ,,კავშირი ადამიანებისთვის’’. ეს უკანასკნელი ახორციელებდა პროექტს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებოდა. მე მათ ვეხმარებოდი ხის სათამაშოების დამზადებაში, რაც, ერთი მხრივ, ეხმარებოდათ განვითარებასა და სტრესის მოხსნაში, მეორე მხრივ კი, სათამაშოების გაყიდვით მიღებული თანხა, ისევ მათივე საჭიროებებს ხმარდებოდა. როგორც მოხალისე ასევე ვმონაწილეობდი მოკლევადიან პროექტებში: საზაფხულო ბანაკებსა და ოლიმპიადებში, ვცდილობდი, რომ უნივერსიტეტში სწავლის მიღმა, სხვა აქტივობებითაც ვყოფილიყავი დაკავებული.

    პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. პანდემიის დაწყებამ ჩემზე, ისევე როგორც ადამიანების დიდ ნაწილზე, ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა, პირადად მეც განვიცდიდი ერთგვარ ფრუსტრაციას.

    პანდემიის გამო ბევრმა სამსახური დაკარგა, იძულებული იყო რომ სახლში დარჩენილიყო, ბევრი გეგმა ჩაეშალათ, მეგობრების ნახვა შეეზღუდათ. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გარკვეული ემოციური პრობლემები შექმნა.

    გადავწყვიტე, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში, მოვაწყო შეხვედრები 18-30 წლის ადამიანებისთვის ლისის ტბაზე, სადაც შევიკრიბებით 7-8 ადამიანი და ვისაუბრებთ ჩვენს ემოციებზე, რას ვგრძნობთ, რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით ემოციურად და როგორ შეგვიძლია ეს პრობლემები მოვაგვაროთ.