მოხალისეები

  • ნენი მარსაგიშვილი_445.jpg

    ნენი მარსაგიშვილი, 22 წლის, მოხალისე

    პროფესიით ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ამჟამად, ვსწავლობ საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.   მოხალისეობა ჩემთვის სრულიად განსხვავებული სფეროა, ჩემს ინტერესს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: მოხალისეობრივი საქმიანობისას ვიღებ ისეთ გამოცდილებას, რაც განსხვავებულია ჩემი სტანდარტული სამუშაო გარემოსგან, ადამიანებთან ურთიერთობისას საშუალება მეძლევა განსხვავებულად შევხედო მოვლენებს, ხოლო პრაქტიკული სამუშაო - მეხმარება საკუთარ თავში ახალი უნარების განვითარებაში.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში მე ძირითადად სოციალური მიმართულებით დავიწყე მოხალისეობა: როგორც ინტერვიუერი, ჩავერთე  პანდემიის პირობებში მიუსაფარი და მარტოხელა ქალების საჭიროებების კვლევის პროცესში. ამავდროულად, ვხვდებოდი განსაკუთრებული საჭიროებების ქალებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში, ეს ქალები უზრუნველვყავით საკვები პროდუქტებით და პირველადი ჰიგიენის ნივთებით.

    ჩემი პროფესიული საქმიანობის პარალელურად, მოხალისეობის სფეროში - მომავალშიც ვხედავ ჩემს თავს. ეს ის საქმეა, რომელიც პირადად ჩემთვის ამოუწურავია, იმდენად მრავალფეროვანი და ნაკლებად რუტინული შეიძლება იყოს. თან შესაძლებლობას გაძლევს, ისეთი აქტივობები დაგეგმო, რომელიც მეტ-ნაკლებად მაინც დაკავშირებული იქნება  ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან და ხელს შემიწყობს, რომ კიდევ უფრო განვვითარდე სხვადასხვა მიმართულებით.