მოხალისეები

  • მარიამ შეროზია_955.jpeg

    მარიამ შეროზია, 22 წლის, მოხალისე

    პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. აქტიურად ვერთვები მოხალისეობრივ და საგანმანათლებლო პროექტებში.

    მოხალისეობა ძალიან საინტერესო საქმეა ჩემთვის. მსიამოვნებს, როცა სხვისთვის სასარგებლო აქტივობებს ვგეგმავ, თავადაც არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად, ჩართული ვიყავი ,,კარიტასის’’ პროექტებში, ვიყავი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუტორების სკოლის მონაწილე/ტუტორი ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, ვმოხალისეობდი ოლიმპიურ დღეებზე, ახლაც ვარ ერთ-ერთი საგანმანათლებლო პლატფორმის ონლაინ-მასწავლებელი და ვკითხულობ ლექციებს მედიაწიგნიერების შესახებ.

    ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოხალისეობის სხვადასხვა ფორმების გაცნობა, მოხალისეობრივ საქმიანობამდე დასაგეგმი კვლევების სპეციფიკის შესწავლა და ა.შ.

    მოხალისეობრივი საქმიანობა, გარდა იმისა, რომ გულისხმობს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას, საშუალებას მაძლევს პიროვნულად განვვითარდე, ამასთან, ვხდები უფრო ემპათიური სხვების მიმართ. ცხადია, ტრენინგებზე თუ პრაქტიკულ საქმიანობაში მიღებულ ცოდნას მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებ. ამჟამად კი, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ კიდევ ერთ მოხალისესთან - ნინია მაზმიაშვილთან ერთად ვახორციელებ პროექტს: ,,ჩემი კარანტინის აღმოჩენა’’. გვიხარია, რომ  ეს პროექტი ,,ჰელფინგ ჰენდის’’ შიდა საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.