მოხალისეები

  • ნუცა მდივანი_943.jpg

    ნუცა მდივანი, 17 წლის, მოხალისე

    სანამ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეთა გუნდის წევრი გავხდებოდი, სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში ვიღებდი მონაწილეობას. ეს ღონისძიებები ძირითადად ჩემი სკოლის მიერ იყო დაგეგმილი და საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა: ხანდაზმულთათვის ვაგროვებდით სურსათს და მიგვქონდა თავშესაფარში, ასევე ვაწყობდით საქველმოქმედო საღამოებს სკოლაში, სადაც ვყიდდით ჩვენივე ნახატებს, ხელნაკეთ ნივთებს, წიგნებს... შემოსულ თანხას სკოლა უგზავნიდა ლეიკემიით დაავადებულთა ცენტრს.

    ასევე, აქტიურად ვიყავი ჩართული C.O.A.T.S-ში, რომელიც წლებია იმართება და ჩვენი სკოლაც ყოველთვის იღებს მონაწილეობას. ბავშვთა სახლებისთვის ვაგროვებთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს და ტარდება საზეიმო ღონისძიება, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა თვითონ აირჩიონ ტანსაცმელი. მე ვალაგებდი ტანსაცმელს დახლებზე და ბავშვებს ვეხმარებოდი ტანსაცმლის შერჩევაში.

    მთელ ზაფხულს ვატარებ ბაკურიანში და ოჯახთან ერთად პერიოდულად ვალაგებ/ვასუფთავებ ტყესა და პარკს. ამით იქ მყოფ დამსვენებლებს მაგალითს ვაძლევთ, რომ მოგვბაძონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, მათ ირგვლივ არსებულ გარემოს.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, როგორც ამ ორგანიზაციის მოხალისემ, რამდენიმე აქტივობა განვახორციელე, მათ შორის:

    ჩავატარე გამოკითხვა COVID-19-ის ზეგავლენის შესახებ თბილისში, 14-დან 16 წლამდე მოსწავლეებს შორის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80-მდე მოსწავლემ.

    ყოველკვირეულად ვამეცადინებ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს (მეორე, მეხუთე, მერვე, მეცხრე კლასების მოსწავლეებს) ინგლისურსა და ბიოლოგიაში.

    ვგეგმავ ჩავატარო პანდემიის თემისადმი მიძღვნილი ფოტო ან ნახატების კონკურსი: სადაც ბავშვები ხელოვნების მეშვეობით გადმოსცემენ ამ საკითხისადმი თავიანთ დამოკიდებულებასა და ემოციას. მინდა, კონკურსში ჩავრთო ჩემი სკოლის მოსწავლეებიც.  იმედი მაქვს, ჩემს მოხალისეობრივ გეგმებს წარმატებით განვახორციელებ.