მოხალისეები

  • მარიამ გოგოლაშვილი_310.jpg

    მარიამ გოგოლაშვილი, 17 წლის, მოხალისე

    ჩემს მოხალისეობრივ აქტივობებს მცხეთაში, სოფელ მუხრანში ვახორციელებ. აღნიშნული საქმიანობა იგეგმება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში. მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ორგანიზაციის მიმართ, ასეთი საინტერესო პროექტის ორგანიზებისთვის. ჩემთვის  დიდი სტიმულია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.

    როგორც მოხალისემ, ჩემს სოფელში რამდენიმე აქტივობა დავგეგმე, მათ შორის: სკოლის მოსწავლეებს პერიოდულად ვუტარებდი გაკვეთილებს მათემატიკაში, მოგეხსენებათ, რომ პანდემიით გამოწვეული ონლაინ-სწავლების გამო, ბევრ მოსწავლეს დასჭირდა დამატებით მეცადინეობა, მეც სწორედ ამ კუთხით დავეხმარე მათ.

    კარანტინის პერიოდში, ჩვენი თანასოფლელები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სახლებში იყვნენ გამოკეტილები. მე და ჩემმა თანასოფლელმა, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის კიდევ ერთმა მოხალისემ - თამარ პაპიაშვილმა, დავგეგმეთ შემეცნებით-გასართობი ღონისძიება და პანდემიის პირობებში, დისტანციის და ჰიგიენის წესების სრული დაცვით, ბავშვებს მოვუწყვეთ ფილმის ჩვენება. თუმცა ამ ღონისძიებას მხოლოდ ბავშვები არა, ჩვენი სოფლის ხანდაზმულებიც დაესწრნენ. ეს აქტივობა სახალისო გამოდგა ყველასთვის და იმ სიტუაციაში სტრესის შემსუბუქებასაც შეუწყო ხელი.

    მოხალისეობის იდეისა და მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დავგეგმეთ ონლაინ-შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი აღნიშნულ საკითხებზე და იმედი მაქვს, რომ ამ აქტივობით ხელი შევუწყვეთ ჩვენს თემში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

    ასევე, ჩვენი, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარე ადგილობრივ 15-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს და სსმ პირს, თითოეულს შევუძინეთ 50 ლარის ოდენობის პროდუქტი. ძალიან მინდა, რომ ასეთი სასარგებლო საქმეების კეთება მომავალშიც შევძლო.