მოხალისეები

  • მარიამ აბულაძეn_812.jpg

    მარიამ აბულაძე, 17 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ხშირად ვეცნობოდი მათივე ფეისბუქ გვერდზე და მეც მიჩნდებოდა სურვილი, რომ თავადაც გავმხდარიყავი ამ ორგანიზაციის პროგრამების მონაწილე.

    ვცხოვრობ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში. ზაფხულში კი ყოფნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომიწია. იქ დავინახე, რომ ბევრი ადგილობრივი მოსწავლე, ინტერნეტის არქონის გამო, ჩამორჩენილი იყო სასკოლო პროგრამას და გადავწყვიტე, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავხმარებოდი მათ.

    ვამზადებდი IV-VII კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში, ძირითადად: ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურში. ბავშვები ჩემთან სახლში მოდიოდნენ, ინტენსიურად ვმეცადინეობდით და ვცდილობდით, რომ პანდემიით გამოწვეული დანაკლისი შეევსოთ.

    ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება მანამდეც მქონდა. ჩართული ვარ ორგანიზაცია ,,PITA’’-ს საქმიანობაში და პროექტში: ,,ევროპელი ელჩები’’. ამ უკანასკნელის ფარგლებში მე და ჩემი მეწყვილე დავდიოდით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ახალგაზრდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ვაწვდიდით ინფორმაციას.

    ახლა აბიტურიენტი ვარ, ვემზადები იმისთვის, რომ ისტორიის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. თუმცა, ვგეგმავ, რომ სტუდენტობის პერიოდშიც აქტიურად ჩავერთო მოხალისეობრივ პროექტებში.