მოხალისეები

  • ნათია ჭელიძე_232.jpeg

    ნათია ჭელიძე, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ხულოს მუნიციპალიტეტში  და ჩემს მოხალისეობრივ აქტივობებს სწორედ აქედან ვახორციელებ. ,,ჰელფინგ ჰენდზე’’ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაცია ჩემი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის მცირე გამოცდილება აქამდეც მქონდა, ეს პროექტი და მოხალისეობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზაციის მხრიდან მხარდაჭერა კი მეხმარება, რომ კიდევ უფრო განვვითარდე და აქტიურად დავგეგმო საინტერესო პროექტები.

    ჩემი ორგანიზებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა ჩვენი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის: შემოქმედებითი კონკურსი სახელწოდებით: „მოხალისის როლი Covid 19-ის დროს“. პროექტის მონაწილეებმა საკონკურსოდ წარმოადგინეს: ესეები, ნახატები, პოსტერები, კომიქსები და ვიდეო რგოლები. მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები. კონკურსიც და ტრენინგებიც პანდემიის პირობებში მოხალისეობის მნიშვნელობას ეხებოდა. პროექტის ბოლო ეტაპზე გამოვლინდა 5 გამარჯვებული მონაწილე, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები, ხოლო პროექტის სხვა მონაწილეებს - სერტიფიკატები გადაეცათ.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ კიდევ ერთ მოხალისესთან, ანა პაქსაძესთან ერთად ასევე დავგეგმე საგანმანათლებლო ,,ონლაინ-ბანაკი’’, რომლის მიზანი გახლავთ მოზარდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზება და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება; მიზნის შესაბამისად, ონლაინ-ბანაკის ფარგლებში, ჩატარდა შემეცნებით-ინტელექტუალური ღონისძიებები. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებმა 10-16 წლის მოზარდებმა.

    მომავალში ვგეგმავ, რომ ჩემი განვითარების და სხვა ადამიანების დახმარების მიზნით კიდევ არაერთი მოხალისეობრივი პროექტი დავგეგმო როგორც ჩემი რეგიონის, ისე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.