მოხალისეები

  • მეგი ჩხეტიანი_130.jpg

    მეგი ჩხეტიანი, 16 წლის, მოხალისე

    ვსწავლობ და ვცხოვრობ წალკაში, ვარ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე, რადგან მოხალისეობრივი საქმიანობა ძალიან მომწონს და მაინტერესებს. ამ პროექტში მონაწილეობამდე ორგანიზებას ვუწევდი სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო სახის იყო. მაგალითად, ჩემს მეგობრებთან ერთად ვეხმარებოდი სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს. მათგან ერთ-ერთს, რომელსაც დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ხშირად ვნახულობდით და სხვადასხვა ფორმით ვუწევდით დახმარებას.

    მე და ჩემმა მეგობარმა - ნინო ბარამიძემ წალკაში ჩამოვაყალიბეთ არაფორმალური მოხალისეობრივი კლუბიც, სადაც ახლა 20-მდე მოზარდი და ახალგაზრდაა გაერთიანებული. ჩვენ ერთად ვგეგმავთ ღონისძიებებს. მაგალითად, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ აქცია: ,,თოჯინები იცინიან’’ და ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც მივუტანეთ ჩვენი შეგროვებული სათამაშოები და ტანსაცმელი.

    მე მინდა, რომ სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელო ფილოლოგიის მიმართულებით. თუმცა, მოხალისეობრივ საქმიანობას არ შევწყვეტ და ყოველთვის სიამოვნებით ჩავერთვები მსგავს პროექტებში.