მოხალისეები

  • ანა კუპრავა_475.jpg

    ანა კუპრავა, 15 წლის, მოხალისე

    მე ვარ 49-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე. განსაკუთრებულად მიყვარს და მაინტერესებს ხელოვნება და უცხო ენები. დამთავრებული მაქვს მუსიკალური ექვსწლედი საფორტეპიანო მიმართულებით, ვმღეროდი აკადემიურ გუნდში, ვუკრავ გიტარაზე,  დაახლოებით 10 წელია ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, 5 წლის განმავლობაში ასევე ვსწავლობდი სამსახიობო ხელოვნებას.  ვიცი ინგლისური, რუსული და გერმანული ენები, ასევე ვსწავლობ: ჩინურ და თურქულ ენებს.

    მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში მონაწილეობამდეც მქონდა. მაგალითად, ჩავატარე გარემოსდაცვითი ღონისძიებები: დავრგეთ ახალი ნერგები, მეგობრებთან ერთად დავასუფთავე სხვადასხვა ტერიტორია. თუმცა, მე მაშინ არ ვიცოდი ამ ყველაფრის სახელი და ფორმა. ახლა უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს მოხალისეობის იდეის, მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ.

    ამჟამად ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას უფრო ორგანიზებული სახე აქვს. ჩემი მიზანია, სოციალურად დაუცველი ჯგუფების დახმარება. რამდენიმე მარტოხელა ადამიანს საკუთარი სახსრებით შევუძინე საკვები პროდუქტები, შევუგროვე და მივუტანე ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები. ამავდროულად, ვცდილობ გავამხიარულო ისინი, მათთან ჩემი გიტარით მივდივარ ხოლმე, ვუკრავ, მათ საყვარელ სიმღერებს ვმღერი და ვცდილობ, მაქსიმალურად შევუმცირო მარტოობით თუ სხვა პრობლემებით გამოწვეული სტრესი.

    ასევე, ჩემივე სკოლის მოსწავლეებს, ვეხმარები სხვადასხვა საგნის მომზადებაში, ერთად ვმეცადინეობთ, თეორიულად და პრაქტიკულად ვუხსნი იმ მასალას, რაც მე უკვე გავლილი მაქვს და კარგად ვიცი.  მომავალში მინდა, რომ ჩავატარო ტრენინგები სხვადასხვა ჩემთვის ნაცნობ და საინტერესო თემაზე. ძალიან მომწონს მოხალისეობა, ჯერჯერობით ინდივიდუალურ პროექტებს ვგეგმავ, მაგრამ ძალიან მალე ჯგუფურ პროექტებსაც განვახორციელებ ჩემს მეგობრებთან ერთად.