ვცხოვრობ და ვსწავლობ თბილისში, თავისუფალ დროს აქტიურად ვუთმობ მოხალისეობრივ საქმიანობას. მაქვს კიდეც შესაბამისი გამოცდილება. უკვე ორი წელია თბილისში, გოგონათა სკაუტურ ორგანიზაციაში ვმოხალისეობ და ჩართული ვარ მათივე პროექტში: ,,კეთილი საქმე’’. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვაგროვებთ სხვადასხვა სახის შემოწირულობას საზოგადოების მხრიდან, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად.
ამავდროულად, ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეც და მათი პროექტის ფარგლებში ვგეგმავ საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებას: მინდა, რომ ჩემივე თანატოლებისთვის ჩავატარო ონლაინ-გაკვეთილები იმ საგნებში, რომლებშიც ესაჭიროებათ დახმარება, მით უმეტეს, რომ პანდემიის გამო, მნიშვნელოვნად შეიცვალა სასწავლო პროცესი და ბევრ მოსწავლეს სჭირდება დამატებით მეცადინეობა. გაკვეთილებს ჩავატარებ: ინგლისურში, გეოგრაფიასა და ისტორიაში.
გაკვეთილების გარდა, მინდა, რომ დავგეგმო საუბრები და ონლაინ-შეხვედრები ზოგადი განათლების და სხვა საინტერესო საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის არის აქტუალური.