მოხალისეები

  • მართა ქორაია_373.jpeg

    მართა ქორაია, 15 წლის, მოხალისე

    მე ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას თბილისში ვახორციელებ. სწავლის შემდგომ, თავისუფალ დროს ვუთმობ ამ აქტივობებს და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ - როგორც მოხალისე.

    ჩართული ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში, რომლის საშუალებითაც, სხვადასხვა სასკოლო საგნებში მოვამზადე ბავშვები და ჩავატარეთ დამატებითი ონლაინ-გაკვეთილები პროგრამის უკეთ შესასწავლად. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენს ცოდნას სხვებსაც უზიარებ. ამ დროს თავადაც ბევრს სწავლობ, თავადაც გეძლევა სტიმული, რომ კიდევ უფრო განვითარდე და იმუშაო საკუთარ თავზე.

    აღნიშნული საგანმანათლებლო აქტივობის გარდა ვგეგმავ სხვა სახის მოხალისეობრივ საქმიანობასაც, მაგალითად, მინდა შევძლო მარტოხელა და მიუსაფარი ხანდაზმულების დახმარება, მათი მომარაგება საჭირო და აუცილებელი ნივთებითა თუ პროდუქტებით.

    ასეთ მასშტაბურ პროექტში პირველად არ ვიღებ მონაწილეობას, მანამდე ჩართული ვიყავი დებატების საქალაქო ტურნირში, ახლაც ამ ტურნირის წარმომადგენელთა გუნდის წევრი ვარ, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება მოხალისეობას, ესაა ჩემთვის ახალი ნაბიჯი განვითარებისთვის.