მოხალისეები

  • ლიზა დუგლაძე_936.jpeg

    ლიზა დუგლაძე, 15 წლის, მოხალისე

    მე, როგორც მოხალისე, 2020 წლის სექტემბერში ჩავერთე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტში. ეს პროექტი რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და ამიტომ, რადგან ოდნავ მოგვიანებით შევუერთდი, მაქსიმალურად ვაქტიურობ და ვცდილობ ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმის გაკეთება მოვასწრო.

    ვარ მოხალისე მასწავლებელი და ვმონაწილეობ მეგობრის  მოხალისეობრივ პროექტში „თანატოლი თანატოლისთვის“, სადაც უმცროსკლასელებს ონლაინ რეჟიმში ვასწავლი ინგლისურ ენას. ორი მოსწავლე გოგონა მყავს, ერთი - მეექვსე, ხოლო მეორე - მეშვიდე კლასშია. ჩვენ ამ კლასების შესაბამისად ვსწავლობთ ინგლისური ენის პროგრამას.

    ასევე, მეგობარ მოხალისესთან ერთად, ვგეგმავ საგანმანათლებლო და ინფორმაციულ პროექტს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მომავალში საზღვარგარეთ სურთ სწავლის გაგრძელება, პანდემიური ვითარების გამო კი, ვერ ახერხებენ, რომ  ამ საკითხში კომპეტენტურ ადამიანებს შეხვდნენ ან სხვაგვარად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ შევეცდებით, ეს ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ როგორც ჩემს თანასკოლელებს, ისე სხვა სკოლების დაინტერესებულ მოსწავლეებსაც.  სურვილი გვაქვს, რომ გაიმართოს ონლაინ-შეხვედრები, სადაც  მოვიწვევთ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, მოსწავლეები მათგან მოისმენენ ინფორმაციას პირადი გამოცდილების, საზღვარგარეთ სწავლის გზებისა და შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრების რაოდენობა ჯერჯერობით არ დაგვიზუსტებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება და სტუდენტებთან შეთანხმება.