მოხალისეები

  • ირიშკა ფანჯავიძე_878.jpg

    ირიშკა ფანჯავიძე, 15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივ საქმიანობას ქალაქ თბილისში ვახორციელებ. ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19 საპასუხოდ საქართველოში’’, ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა.

    როგორც მოხალისე, აქტიურად ვმონაწილეობდი პროექტში „თანატოლი თანატოლისთვის“, ამ პროექტის მთავარი მიზანი იყო პანდემიის პერიოდში და დისტანციური სწავლების რეჟიმში, თანატოლები ერთმანეთს დავხმარებოდით სხვადასხვა სასკოლო საგნის შესწავლაში. პროექტი საკმაოდ მასშტაბური იყო, ერთი მხრივ, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ არაერთი მოხალისე ვიყავით ჩართული, როგორც მასწავლებლები, მეორე მხრივ კი, ათობით მოსწავლე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ესწრებოდა გაკვეთილებს.

    პირადად მე ვატარებდი ონლაინ-გაკვეთილებს მათემატიკასა და ინგლისურში. ინგლისურ ენას ვასწავლიდი აბიტურიენტებს, ხოლო მათემატიკას მეცხრე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეები იყვნენ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან და პროექტი არ მოიცავდა მხოლოდ დედაქალაქს.