მოხალისეები

  • თემო ხოჯაშვილი_407.jpg

    თეიმურაზ ხოჯაშვილი, 15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივ საქმიანობას კონკრეტულ ადგილსა თუ ტერიტორიაზე არ ვახორციელებ. ჩემს ონლაინ-აქტივობებს თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ვგეგმავ, ამიტომ, ამ ღონისძიებებში ერთვებიან ახალგაზრდები და მოზარდები, მაგალითად: მაღალმთიანი აჭარიდან, კახეთიდან, რაჭიდან, სამეგრელოდან და ა.შ.

    მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნა ძალაა“, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, თუ სხვა სახის პროექტებს. მეგობართან ერთად, ასევე შევქმენი ფეისბუქის დახურული ჯგუფი, სხვადასხვა აქტივობის ორგანიზების მიზნით.

    როგორც აღვნიშნე, მოხალისეობრივად ხშირად ვგეგმავ საქველმოქმედო აქტივობებს. მაგალითად, ჩემს პედაგოგთან ერთად წამოვიწყე აქცია კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 90 წლის ვალია ლომსაძის დასახმარებლად.  ამ ხანდაზმულ ადამიანს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. როცა ასეთ ამბებს ვიგებ, ჩემს თავს ვამხნევებ ხოლმე: “თემო, შენ შეგიძლია ადამიანების დახმარება, შენ ამას შეძლებ!“ ბევრისთვის მიმიმართავს, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველი ემიგრანტები გვეხმარებიან. მათი ჩართულობით, ვალია ბებოს მივუტანთ საკვებს, წამლებს და სხვა საჭირო ნივთებს. ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ვიცი, როგორ გაუხარდება, მისი ბედნიერი სახის დანახვა ჩემთვის დიდი სტიმული იქნება.

    ვადებს რაც შეეხება... გააჩნია რას ვაკეთებ. მაგალითად საქველმოქმედო აქცია ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა,  თუმცა არის უფრო ფართომასშტაბიანი პროექტები, რომელთა ორგანიზებასა და განხორციელებას, თვეებსაც კი ვანდომებ.