მოხალისეები

  • ფ_578.jpg

    ელენე ქირია, 15 წლის, მოხალისე

    მე ვცხოვრობ ქალაქ ზუგდიდში და, როგორც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისე, ჩემს ქალაქში ვგეგმავ მოხალისეობრივ აქტივობებს.

    უკვე დავიწყე კიდეც ერთი პროექტის განხორციელება: ესაა ცეკვის ონლაინ-გაკვეთილების ციკლი. ცეკვა ჩემთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი საქმეა, უკვე 11 წელია ვცეკვავ ქართულ ცეკვებს.  კარანტინის გამოცხადების შემდეგ გადავწყვიტე, რომ სახლში ჩემთვის სასიამოვნო საქმით დავკავებულიყავი. ვცეკვავდი და ჩემი დის დახმარებით ვიწერდი ვიდეო გაკვეთილებს.

    მალე პროექტი საკმაოდ პოპულარული გახდა. ეს გაკვეთილები  არის მათთვის, ვისაც სურს ცეკვის შესწავლა და პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. ჩემი პროექტისთვის ფეისბუქ და იუთუბ გვერდებიც გავაკეთე, სადაც ეს ვიდეოები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

    არ მინდა, რომ ეს პროექტი მოკლევადიანი იყოს, პირიქით, მინდა, რომ მომავალში კიდევ უფრო განვავითარო, ამ მოხალისეობრივ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის დასრულების შემდეგაც.

    როგორც მოხალისეს, მაქვს სხვა იდეებიც, ახლა მათი დაგეგმვის პროცესში ვარ. მინდა, რომ თითოეული ღონისძიება, რასაც ჩავატარებ, იყოს საინტერესო და კარგად ორგანიზებული.