მოხალისეები

  • ბარბარე თეთვაძე_782.jpeg

    ბარბარე თეთვაძე, 15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივ საქმიანობას მეშვიდე კლასიდან ვეწევი. მას შემდეგ, რაც რვა წლის ბექა ფიფიას ლეიკემია დაუდგინეს, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ სკოლაში ტკბილეულობა გაგვეყიდა და შეგროვებული თანხა ბექას ფონდში ჩაგვერიცხა. ეს იყო ჩემი პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება. შემდეგ, ახალ წლის მოსვლასთან ერთად, კიდევ ერთი ოჯახის დახმარება მოვახერხეთ, რომელსაც ცივი ზამთრის გადასატანად თბილი ტანისამოსი და საკვები პროდუქტები შევუძინეთ.

    ყველაზე კარგად კი  ის მემახსოვრება, თუ როგორ მოვირგე მასწავლებლის როლი და აი, უკვე მეორე წელია, რაც ბავშვებს ვასწავლი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, თავიდან ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება, თუმცა ნამდვილად შესანიშნავი გრძნობაა საკუთარი ცოდნის სხვისთვის გაზიარება და სხვადასხვა ინფორმაციის ახსნა-გაზიარება.

    მიმდინარე წელს ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეების მიერ შექმნილი პროექტის „თანატოლი თანატოლისთვის“ ფარგლებში, ასევე ჩართული ვარ საგანმანათლებლო აქტივობებში და ვამეცადინებ თანატოლ მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. ვატარებ გაკვეთილებს რუსულში, ინგლისურსა და მათემატიკაში. ვცდილობ, მოსწავლეებს დავეხმარო მათთვის გაუგებარი საკითხების შესწავლაში. ეს პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, მასში 50 მოსწავლეა ჩართული მთელი საქართველოდან, მიხარია, რომ როგორც მოხალისე, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ.