არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ახორციელებს მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს ახალგაზრდებისთვის COVID 19-ის გამოწვევების საპასუხოდ.
ვირუსის გავრცელებამ შექმნა უპრეცედენტო საფრთხე მთელ მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოშიც. ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად, ცხადია, წარმოიშვა სირთულეები სხვა მიმართულებითაც, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. პანდემიური და პოსტპანდემიური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა სეგმენტზე, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ, იძულებით გადაადგილებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ა. შ.
„ჰელფინ ჰენდის“ მიერ ორგანიზებული პროექტისმიზანია ახალგაზრდების გაძლიერება მოხალისეობრივი გზით, პროექტის ფარგლებში სათანადო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, შედეგად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ აღნიშნული გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა. პროექტის მიმდინარეობისას ხდება, ერთი მხრივ, სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მოზარდებისა და ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა, მეორე მხრივ - მოხალისეთა მობილიზება თავიანთ თემში პრობლემების გადაწყვეტისა და სათანადო ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.
პროექტში ჩართულმა 150-ზე მეტმა მოხალისემ გაირა პროფესიონალური ტრენინგები, დაიწყეს თავიანთ თემში კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე მუშაობა. საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში მათ მენტორები და „ჰელფინგ ჰენდის“ კვალიფიციური წარმომადგენლები ეხმარებიან. ორგანიზაციას აქვს მოხალისეობრივი ქსელის წარმატებით მართვის მრავალწლიანი გამოცდილება და სათანადო ადამიანური თუ ტექნიკური რესურსები.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული ონლაინ-პლატფორმა: youthvolunterering.ge, სადაც რეგისტრირებულ ახალგაზრდებსა და მოზარდებს„ჰელფინგ ჰენდ-ი“, ტრენინგებთან ერთად,სთავაზობს ინფორმაციულ ვებინარებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი, პანდემიურ ვითარებაში უსაფრთხოების დაცვა, ონლაინ-მოხალისეობის მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები.
პროექტში ჩართული მოხალისეების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი და განსხვავებულია, თითოეული მოხალისის სურვილისა და რესურსის შესაბამისად, მაგ: ინტელექტუალური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, არტ-თერაპია, სწავლა-სწავლება, პროგრამირება, არაფორმალური განათლება და ა.შ. პროექტის შედეგად, ახალგაზრდა მოხალისეთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება პოზიტიური ურთიერთკომუნიკაციის გაზრდა, იზოლაციური განცდების შემცირება, მოტივაციის ამაღლება, თემსა და მოწყვლად ჯგუფებში წარმოქმნილი კონკრეტული პრობლემების მოგვარება.
პროექტის ბოლოს, პლატფორმაზე რეგისტრირებული წარმატებული მოხალისეები მიიღებენ „მოხალისის ეროვნულ ჯილდოს“ 2 ასაკობრივ კატეგორიაში(მოზარდები და ახალგაზრდები), თემატური სფეროების შესაბამისად.
პროექტში ჩართვა შეუძლიათ 12-დან 29 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ მოხალისეობრივი გამოცდილების მიღების სურვილი და გაივლიან მარტივ სარეგისტრაციო პროცედურებ სბმულზე: youthvolunterering.ge.
გახდი შენი სოფლისა თუ ქალაქის მოხალისე, აირჩიე სასურველი სფერო (განათლება, ჯანდაცვა/მედიცინა, მედია, სპორტი, კულტურა და ხელოვნება, ადვოკატირება და ადამიანის უფლებები და ა.შ.);გაიარე ტრენინგი კვალიფიციურ მენტორებთან დაგანახორციელე შენი საქმიანობა წარმატებული ორგანიზაციის მხარდაჭერით, ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ!